10 ოქროს წესი : ზამთარში მანქანის მართვისთვის

საქართველო თბილი კლიმატის ქვეყანაა, თუმცა ზამთრის კურორტებიც გვაქვს და რეგიონებიც, სადაც მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარი იცის. ამიტომ, თოვლიან და მოყინილ გზებზე გადაადგილებაც გვიწევს.

შესაბამისად, ასეთ პირობებში უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული რჩევები ზედმეტი არ უნდა იყოს. მითუმეტეს, როცა ასეთ გზებზე მართვის დიდი გამოცდილებით ბევრი ვერ დაიკვეხნის.

შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ ძალიან მაგარი მძღოლია და პრობლემა მოყინულ გზებზეც არ შეექმნება, მაგრამ ასე ფიქრი, შეიძლება, დამღუპველი იყოს – კარგი მძღოლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მოყინულ გზაზეც “პროფი” ხარ!

ზამთარში ავტომობილის უსაფრთხო მართვის წესები

➤ ალბათ შეხსენება საჭირო არ არის, მაგრამ მაინც: თოვლიან და მოყინულ გზებზე გადაადგილებისთვის ავტომობილს შესაბამისი საბურავი უნდა “ეცვას”!

➤ მგზავრობის დაწყებამდე არ უნდა დაგვავიწყდეს საბურავებში წნევის შემოწმება და იმაში დარწმუნება, რომ შუშის საწმენდებში სპეციალური სითხე ასხია, რომელიც არ იყინება.

➤ დაძვრამდე გახურება აუცილებელია! სანამ ძრავა გახურდება, გავლას და იმის ნახვას მოასწრებთ, მოყინულია თუ არა გზა… ძრავა მინიმუმ 2-3 წუთი მაინც უნდა გაათბოთ, დაძვრის შემდეგ კი, მოერიდეთ მაღალ ბრუნებს – სანამ აგრეგატი კარგად არ გახურდება.

➤ საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება უსაფრთხო მართვის საწინდარია!

➤ როცა ჰაერის ტემპერატურა თუნდაც +7 გრადუსია, შეიძლება ზოგან, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს, გზა მაინც მოყინული იყოს.

➤ მოყინულ გზაზე ყველაზე მთავარია გონივრული სისწრაფე და დისტანციის დაცვა.

➤ საჭის მკვეთრი მოძრაობა სასურველი არ არის. იგივე ითქმის მკვეთრ აჩქარებასა და დამუხრუჭებაზე. ყველა მანიპულაცია გაწონასწორებული და რბილი უნდა იყოს.

➤ ABS არ ამცირებს სამუხრუჭე მანძილს. ის დამუხრუჭებისას ავტომობილზე კონტროლის შენარჩუნებაში გეხმარებათ.

➤ თუ დაამუხრუჭებას აპირებთ, აუცილებლად გახედეთ უკანა ხედვის სარკეს, რათა უკნიდან არ დაგეჯახონ!

➤ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მოყინულ გზაზე თქვენი უსაფრთხოება მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებზე და აღჭურვილობაზე არ არის დამოკიდებული. ხშირად გაიხედეთ სარკეებში და აკონტროლეთ, როგორ მოძრაობენ სხვები.